გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ – ირაკლი კობახიძე

„ერეკლეობა“ არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ერეკლე მეორის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
„ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა. ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად. გარდა ამისა, ერეკლე მეფე იყო თავისი დროის უდიდესი რეფორმატორი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ზრუნავდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სამრეწველო საწარმოების დაფუძნება, წარმოების აღორძინება, თბილისისა და თელავის სემინარიების გახსნა, სტამბის განახლება და პირველი საერო თეატრალური დასის ჩამოყალიბება. ერეკლე მეორეს კარგად ესმოდა, რომ ერის გაძლიერებას ცოდნა, ეკონომიკური სიძლიერე და კულტურული წინსვლა სჭირდებოდა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე.
„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი. სახელმწიფოს მართვას სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა, წინდახედულობა და ქვეყნის ინტერესების უპირველეს ადგილზე დაყენება და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერეკლე მეორე და მისი მეფობა. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მთავრობის, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო თელაველები დააჯილდოვეს.