არქეოლოგი თელავიდან, რომელიც 20-მდე ექსპედიციის მონაწილეა-ინტერვიუ გიორგი მწყერაძესთან

გიორგი მწყერაძე არის  საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის მაგისტრი (2019-2023წწ).

2014-2017 წლებში სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაამთავრა ისტორიის ბაკალავრის საფეხური.

2001-2013 წლებში სწავლობდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლაში.

pr-mc.ge-სთან საუბარში გიორგი მწყერაძე აღნიშნავს, რომ მისი კვლევითი ინტერესის სფეროა: საქართველოს შუა საუკუნეებისა და ანტიკური ხანის ისტორია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა და ასევე, არის ოცამდე არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე.

 

-როდის და როგორ აღმოაჩინეთ თქვენი თავი ამ პროფესიაში?

„უპირველესყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ საკითხით დაინტერესებისა და შესაძლებლობისათვის, რომ გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ ისტორიის ბაკალავრიატის პირველ კურსზე დავინტერესდი არქეოლოგიით, როდესაც სალექციო კურსის სახით ვსწავლობდი აღნიშნულ საგანს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საგანს მიკითხავდა აწ განსვენებული პროფესორი გიორგი რჩეულიშვილი.  ამავე პერიოდში გავიცანი არქეოლოგიის დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი, რომელმაც შემომთავაზა ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება. კერძოდ, 2015 წელს ჩავერთე თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ვანთასთან მდებარე სასახლის არქეოლოგიურ გათხრებში. პრაქტიკულმა სამუშაოებმა და სასიამოვნო ემოციებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი პროფესიის არჩევის სისწორეში. მას შემდეგ, ყოველ საველე სეზონზე ვიღებდი მონაწილეობას არქეოლოგიურ სამუშაოებში და ვაგროვებდი საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.“ 

 -რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია და რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის შესაწავლის თვალსაზრისით?

“ჩემთვის ეს პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. როდესაც აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, მაშინ ხარ ბედნიერი. სწორედ ეს განცდა მეუფლება როდესაც პროფესიულ საქმიანობას ვეწევი. თუმცა, ამ სფეროში დიდი შრომის, მონდომების, პასუხისმგებლობლობისა და პროფესიონალიზმის გარეშე ცხადია არაფერი გამოვა.

ისეთი მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არქეოლოგის პროფესია უდავოდ საჭირო და აუცილებელია. რომ არა არქეოლოგია დღეს არ გვექნებოდა ისეთი შედეგები, რამაც საქართველო მსოფლიოს გააცნო თავისი შესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობით. არქეოლოგიას შეუძლია დიდი სარგებლის მოტანა ქვეყნისთვის. აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება გახდეს ტურისტულად პერსპექტიული ადგილი.

ზოგიერთისგან გამოგონია: რა საჭიროა ამდენი რესურსის დახარჯვა წარსულის შესწავლაზე და წარსულზე ფიქრზე, მომავალი უფრო მნიშვნელოვანია.

მომავალი ხომ აწმყოზე დგას და აწმყო წარსულზე, სწორედ წარსულია ფუნდამენტი. ამ საკითხს კარგად ეხმიანება ილია ჭავჭავაძის სიტყვები – „თუ ისტორია დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა – რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?“

ამდენად, მომავალმა თაობამ უნდა გააცნობიეროს არქეოლოგიის მნიშვნელობა  და განავითაროს ეს დარგი.”

-როგორია გზა, რომელსაც არქეოლოგი გადის და შედეგი, რასაც ის ექსპედიციის წარმატებით დასრულების შემდეგ იღებს?

“არქეოლოგია ისეთი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს მრავალი მიმართულებით მომზადებას, ფიზიკურ გამძლეობას. არქეოლოგს თანაბრად უნდა ჰქონდეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შეიძლება ითქვას, არქეოლოგს თითქმის ყველა დარგის მეტ – ნაკლებად ცოდნა სჭირდება. ამავდროულად ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს.

პროფესიონალ არქეოლოგად ჩამოყალიბებას თავდაუზოგავი შრომა, ცოდნისა და გამოცდილების მიღება სჭირდება. არქეოლოგმა უნდა გაიაროს აკადემიური განათლების მრავალწლიანი საფეხურები. პარალელურად მიმდინარეობს საველე მუშაობა არქეოლოგიურ ძეგლებზე. ვიდრე არქეოლოგი გათხრებს აწარმოებს მას წინ უძღვის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც გულისხმობს საკვლევი ძეგლის შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვებას, აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას. არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მოპოვებული მასალის დამუშავებასა და ტრანსპორტირებას, აწარმოებს საველე დოკუმენტაციას, დღიურს, აკეთებს გრაფიკულ ჩანახატებს, ახდენს მიმდინარე სამუშაოების ფოტოფიქსაციას და ა. შ. ექსპედიციის დასრულების შემდეგ იწერება არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში, სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფია… ხდება მათი წარდგენა და პუბლიკაცია. მიუხედავად სირთულეებისა და ძალისხმევისა არქეოლოგისთვის წარმატებით დასრულებული ექსპედიცია ამაღლებულ განცდებს აღძრავს. ექსპედიციის წარმატებით დასრულების მთავარი განმსაზღვრელი აღმოჩენილი ძეგლი თუ არტეფაქტია, რომელიც შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას ემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი.”

-“არქეოლოგიის საერთასორისო ცენტრის” ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე რა თემა წარადგანეთ და რა მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფდით?

“მას შემდეგ, რაც არქეოლოგიით დავინტერესდი აქტიურად ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში. ახლახანს „არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტში, წარვადგინე მოხსენება რომელიც ეხებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ყვიბისთან მდებარე ტაძარზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგებს. აღნიშნულ ძეგლზე სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა ქვაში კვეთილი სარკოფაგი რომლის ორფერდა სარქველის აღმოსავლეთ და დასავლეთ სიბრტყეზე გამოგვეთილია ტოლმკლავიანი ჯვრები. სარკოფაგი შევისწავლეთ ანთროპოლოგიურად და პალინოლოგიურად. აღსანიშნავია რომ ამ დრომდე საქართველოში აღმოჩენილ სარკოფაგთაგან ინტერდისციპლინარული მეთოდებით არცერთი არ იყო შესწავლილი, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესოა მიღებული კვლევის შედეგები. ასევე ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო  აკლდამა (საძვალე), რომელიც მიწის ქვეშ არის მოწყობილი. აკლდამა, რამდენადაც ვიცი, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ამ ტიპის ძეგლთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია  განსვენებულ ადამიანთა რაოდენობით. აკლდამაც და სარკოფაგიც X საუკუნით დავათარიღეთ.”

-მოგვიყევით ბოლოდროინდელ მიღწევებსა და წარმატებებზე

“ბოლო პერიოდში აქტიურად ვარ დაკავებული როგოც საველე, ისე კაბინეტური სამუშაოთი. მივიღე მაგისტრის აკადემიური ხარისხი, საკვალიფიკაციო ნაშრომში წარმოდგენილი იყო შემდეგი სათაურით: ,,არქეოლოგიური გათხრები ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.“ რომელიც წარმატებით იქნა დაცული. ახლა ამავე საკითხზე გამოსაქვეყნებლდ ვამზადებ  მონოგრაფიას. რამდენიმე წლის წინ ახალი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოვაჩინეთ თინათინ დედოფლის (კახეთის მეფე ლევან II-ის მეუღლე) აკლდამა, მოგვიანებით კიდევ აღმოჩნდა სხვა აკლდამაც რომელიც ვფიქრობთ სამეფო ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. ამ საკითხზე თანაავტორობით ვამზადებთ წიგნს ახალი შუამთის მონასტრის შესახებ. აპრილის თვეში მონაწილეობა მივიღე ორ სამეცნიერო სესიასა და კონფერენციაში ,,ევროპის უნივერსიტეტსა“ და ,,საქართვლოს უნივერსიტეტში.“ იგეგმება თელავის ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობა და მზადდება პროექტი რომელიც თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცულ სხვადასხვა სახის მასალებზე კატალოგის გამოქვეყნებას ისახავს მიზნად.

უმეტესწილად კახეთის ტერიტორიაზე ვმუშაობ, ვამზადებ სამეცნიერო სტატიებს სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებისა თუ არქეოლოგიური ობიექტების შესახებ, რომლებიც იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. ჩემთვის, როგორც არქეოლოგისთვის მთავარი მიღწევა და წარმატებები ის აღმოჩენებია, რაც ძეგლზე კვლევისას გამოვლინდება. თუმცა, ვთვლი, რომ ეს მხოლოდ მცირე მიღწევებია, ჯერ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. იმედია, ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ქართული არქეოლოგიის განვითარებაში.”

-რა საჭიროებები აქვს ახალგაზრდა არქეოლოგს დღეს, საქართველოში?

“ზოგადად არქეოლოგიის დარგი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, გარკვეულწილად გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა არქეოლოგებისათვის შესაბამისი ცოდნის მიცემა და შემდგარ სპეციალისტად ჩამოყალიბება. ახალგაზრდა არქეოლოგს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება სჭირდება. სისტემატურად და აქტიურად უნდა ეწყობოდეს სხვადასხვა სახის აქტივობები თუ სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც ახალგაზრდა არქეოლოგებს გააცნობს ეთმანეთს, მოახდენს კვლევების პოპულარიზაციას, ეს ყველაფერი, ბუნებრივია მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.  აუცილებელია ახალგაზრდა არქეოლოგები დასაქმდნენ სამეცნიერო დაწესებულებებში, რაც მათ წინსვლისა და წარმატებული საქმიანობისკენს გაუკვალავს გზას.

აქვე აღვნიშნავ, რომ არქეოლოგიას სათანადო დაფასება და გვერდში დგომა სჭირდება, რათა მომავალ არქეოლოგებს ჰქონდეთ კვლევის სურვილი, იმ იმედით რომ მათი საქმიანობა დაფასდება.”

-როგორ შეაფასებდა ახალგაზრდა არქეოლოგი/მკვლევარი გიორგი მწყერაძე ქართულ კულტურას?

“ქართულ კულტურას და კულტურულ მემკვიდრეობას მოწინავე და საპატიო ადგილი უკავია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საკმარისია ავღნიშნოთ ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენები როგორიც არის: ევროპაში პირველი ადამიანის საქართველოს ტერიტორიაზე  ბინადრობდა, რომელსაც ,,Homo georgicus – ქართველი ადამიანი“ უწოდეს; მსოფლიოში უძველესია ღვინის დაყენების 8 ათასწლიანი ტრადიცია; უძველესი თაფლი; ხორბლის ენდემური ჯიშები, უძველესი ქსოვილის ნაშთი და ა. შ. ვინაიდან მე ძირითადად შუა საუკუნეების ძეგლებზე ვმუშაობ, კარგად ვიცნობ ამ პერიოდის ქართულ ხუროთმოძღვრულ ნაგებობებს. კახეთი განსაკუთრებით გამორჩეულია ეკლესია-მონასტერების სიმრავლით, რაც ჩვენს კულტურულ და სულიერ მისწრაფებებს უსვამს ხაზს. ამდენად, მათ სათანადო კვლევა, დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

მართალია, არქეოლოგიური საქმიანობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ამის საპირწონედ ის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გვაქვს, რომლითაც ვამაყობთ და წარმოვაჩენთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ კულტურული მემკვიდრეობა განსაზღვრავს ერის იდენტობას, გვასწავლის სამშობლოს სიყვარულს და ამის გამოა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ღირსეული ადგილიც გვიკავია.”

რესპოდენტი: გიორგი მწყერაძე, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის  მაგისტრი.