ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 8 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

რთვლის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 170 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. გადამუშავებული ყურძნიდან 3,6 ათას ტონამდე რქაწითელი, 3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველი ნელნელა აქტიურ ფაზაში შედის. ეს პირველ რიგში ეხება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც ტრადიციულად ადრე მწიფდება ყურძენი. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, რაც დადებითი მოვლენაა, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ყურძნის შესყიდვის პროცესში. თუმცა, სახელმწიფო მზად არის მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს. მომავალი კვირიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ჩაერთვებიან სხვა მუნიციპალიტეტები და რთველი უფრო აქტიური იქნება კახეთის რეგიონის მასშტაბით, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

„რთველი 2023“-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს.